X
მისწერე მინისტრს მოითხოვე საჯარო ინფორმაცია

ირაკლი ქარსელაძე-,,განახლებული რეგიონების“ პროგრამა არის ახალი შესაძლებლობა მუნიციპალიტეტის მკვიდრთათვის და ასევე ბიზნესის განვითარებისთვის

9 თებერვალი 2022

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ირაკლი ქარსელაძემ კახეთის რეგიონში, დედოფლისწყაროსა და სიღნაღის მუნიციპალიტეტებში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები მოინახულა.

მუნიციპალიტეტებში აქტიურად მიმდინარეობს საგანმანათლებლო, წყალმომარაგებისა და „განახლებული რეგიონების“ პროგრამით დაფინანსებული ინფრასტრუქტურული პროექტები.

მინისტრი, მაჟორიტარ დეპუტატ დავით სონღულაშვილთან  და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად, გაეცნო დედოფლისწყაროსა და სიღნაღში პროგრამა „განახლებული რეგიონების“ ფარგლებში მიმდინარე  სამშენებლო სამუშაოებს. კერძოდ, დედოფლისწყაროში რუსთაველისა და ჰერეთის ქუჩების, ხოლო სიღნაღში სარაჯიშვილისა და ჭავჭავაძის ქუჩების მიმდინარე და დაგეგმილ ურბანული განახლების სამუშაოებს.

დედოფლისწყაროში, რუსთაველის და ჰერეთის ქუჩებზე მიმდინარეობს 13 შენობის მოპირკეთების სამუშაოები და დაწყებულია 23 შენობის განახლების მოსამზადებელი სამუშაოები. ასევე, დასრულებულია გარე განათებისა და ტროტუარების მოწყობის სამუშაოები, ხოლო შადრევანის მოპირკეთებისა და გამწვანების სამუშაოები  ამჟამად მიმდინარეობს. ქალაქ სიღნაღის სარაჯიშვილის ქუჩის სარეაბილიტაციო სამუშაოების ფარგლებში კი, დასრულებულია 12 კერძო სახლის მოპირკეთებისა და ტროტუარის მოწყობის სამუშაოები, მიმდინარეობს არსებული ღობის აღდგენითი  და ახალი ღობის აგურით მოწყობის  სამუშაოები. ქალაქში დაწყებულია ჭავჭავაძის ქუჩის სახლებისა და ღობეების განახლების სამუშაოებიც.

ირაკლი ქარსელაძემ, ასევე დაათვალიერა დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ სამთაწყაროშო, 330 ბავშვზე გათვლილი  საჯარო სკოლა, რომლის სრული რეაბილიტაცია, გამაგრება, წყალმომარაგების, ელექტროენერგიის, გათბობის, ვენტილაციისა და სახანძრო სისტემების განახლება სახელმწიფო ბიუჯეტიდან 3,6 მილიონი ლარით დაფინანსდა.

დედოფლისწყაროს და სიღნაღის მუნიციპალიტეტში, მიმდინარებს წყალმომარაგების მნიშვნელოვანი პროექტებიც. კერძოდ,  დედოფლისწყაროს წყალმომარაგების ქსელის რეაბილიტაციის პროექტი მოიცავს ქალაქისა და 15 სოფლის (ხორნაბუჯის, სამრეკლოს, ფიროსმანის, სამთაწყაროს, თავწყაროს, ჭოეთის, საბათლოს, ზემო ქედის, ქვემო ქედის, არხილოსკალოს, გამარჯვებას, ოზაანის, არბოშიკის, ზემო მაჩხაანის და მირზაანის) წყალმომარაგების ქსელის სრულ რეაბილიტაციას. სამუშაოების ფარგლებში, მოეწყობა წყალმომარაგების სრულიად ახალი ცენტრალიზებული სისტემა, რეაბილიტირდება და აშენდება რეზერვუარები, ჭაბურღილები, სატუმბო სადგურები და სათავე ნაგებობები, რასაც ჯამურად 58 მილიონი ლარი მოხმარდება. სამუშაოების დასრულების შემდეგ კი, მოსახლეობა 24 საათიანი, ხარისხიანი წყალმომარაგებით იქნება უზრუნველყოფილი.

მიმდინარეობს სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფლების ანაგის, ვაქირის, ბოდბისხევის, ჯუგაანის, ტიბაანის, ქვემო მაღაროს, ქვემო ბოდბის და საქობაოს წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაციის 27 მილიონი ლარის სამშენებლო სამუშაოები. სამუშაოების  დიდი ნაწილი დასრულებულია და პროექტის განხორციელების შედეგად, 17 ათასზე მეტ ბენეფიციარს გაუუმჯობესდება წყალმომარაგება.

,,მოვინახულეთ პროექტები, რომლებიც  ხორციელდება სხვადასხვა  მიმართულებით, როგორც საგზაო, წყალმომარაგების, საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის. სამუშაოები  მიმდინარეობს ძალიან ინტენსიურად. მოვინახულეთ დედოფლისწყაროსთვის ისტორიული წყალმომარაგების პროექტი, რომლის ფარლებშიც დედოფლისწყაროს და მის   მიმდებარე სოფლებს გაუუმჯობესდება წყალმომარაგება,  სამუშაოები დასრულდება ვადაზე ადრე.  მიმდინარეობს სამთაწყაროს სკოლის რეაბილიტაცია. 330 ბავშვი  თანამედროვე და განახლებულ პირობებში მიიღებს განათლების შესაძლებლობას. განახლებული რეგიონების პროგრამის ფარლებში, რომელიც პრემიერ-მინისტრის ინიციატივით შარშან დაიწყო მნიშვნელოვანი პროგრესი უკვე წელს გვაქვს. 2022 წელს კახეთში ისევე როგორც მთელ საართველოში 63- ვე მუნიციპალიტეტში უკვე ეტაპობრივად გაზაფხულიდან მოხდება შესაბამისი არეალების დასრულება პირველი ეტაპის ფარგლებში, რომელიც 500 მილიონი ლარის ოდენობისაა. 4 წლიან პროგრამას შესაბამისი   გაგრძელება ექნება, რეალურად ეს არის ახალი შესაძლებლობა მუნიციპალიტეტის მკვიდრთათვის, რათა მიიღონ ის ახალი სერვისები, რომლებიც აქამდე არ ჰქონიათ და ასევე ბიზნესის განვითარებისთვის“-აღნიშნა ირაკლი ქარსელაძემ.